ავტორი - Administrator   

 

”26 მაისი 

   წვიმამ გადაიღო, მაგრამ ძლიერი ნისლი კვლავ ფარავდა იქაურობას. ჩემი გამყოლები გამოვიდნენ გამოქვაბულიდან, ქუდები მოიხადეს, სახე ცისკენ აღმართეს და მიმართეს ვაშ ქევგის. უნდა აღინიშნოს, რომ, როგორც მღვდელი მეუბნებოდა ოსებს საკმაოდ პრიმიტიული რელიგია აქვთ. მარხულობენ როცა მოესურვებათ, ყოველგვარი წესის დაცვისა და სიმკაცრის გარეშე, ხოლო ზოგიერთი მათგანი საერთოდ არ იცავს მარხვას.

    მღვდელს მიაჩნია, რომ ბოლო დროს ისლამმა მაღალი საზოგადოების რიგებშიც შეაღწია. ამან უარყოფითი გავლენა იქონია ქრისტიანობაზე, რომელსაც ადრე მტკიცე პოზიციები ჰქონდა და დიგორში სამხრეთიდან ვრცელდებოდა. მუსლიმთა დიდ ნაწილს ერთი ცოლი ყავთ, თუმცა მე თვითონ ვიყავი მოწმე იმისა, თუ როგორ სურდა ხნიერ მამაკაცს, გარდაცვლილი უმცროსი ძმის ქვრივზე ექორწინა. მან მითხრა, რომ ეს მათი ჩვეულება იყო. როგორც ამბობენ, დიგორელებსაც აქვთ ერთი სასტიკი წესი - მიცვალებულის დაკრძალვაზე მამაკაცები თავში ჯოხებს ირტყავენ. სრული ქაოსი სუფევს მათ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც.

   ნალჩიკი აქედან ძალზედ შორსაა და აქაურ მამასახლისს გავლენა სავსებით არ აქვს. 2-3 საათის სიარულის შემდეგ ჩვენ მივადეგით კლდოვან კიდეს, რომელსაც აქ ღაბე-კობის ეძახიან. იგი ვლადიკავკაზსა და თბილისს შორის მდებარეობს და აქედან იღებს სათავეს მდ. ხალეიდონი. მგზავრობა რომ უფრო ადვილი გამხდარიყო, ფეხზე ჩავიცვით სპეციალური ფეხსაცმელი - ერგე, რომელიც თხის ტყავისგან მზადდება და ბეწვიანი მხარე გარეთკენაა მოქცეული. შიგნით ჩადებულია მშრალი ბალახი.

   ამასობაში თოვლი თანდათან მატულობდა და ერგეც უსარგებლო გახდა. გამყოლებმა ფეხზე  მოგრძო მოწყობილობები მოირგეს, რომელთაც ისინი ათხალამთას ეძახიან. წელზე მომაბეს ქამარი, რომლის ბოლოსაც ერთი გამყოლი იჭერდა. წინ მიმავალი ათხალამთის მეშვეობით იკვლევდა გზას თოვლში.  ოსები ხშირად მიმართავდნენ ვაშ-ქევგის დახმარებისთვის.

   როგორც იქნა მივაღწიეთ თოვლიანი მთის მწვერვალს. დაშვება გაცილებით ძნელი აღმოჩნდა, რადგან ღრმა თოვლში ხშირად ვეცემოდი. ნისლი თანდათან გაიფანტა და ჩვენ კიდევ ერთ კიდეს მივადექით, საიდანაც ჩავედით ღრმა ხეობაში. თავდაპირველად გვსურდა ხეობის მარჯვენა მხარეს გავყოლოდით, მაგრამ ძლიერმა ხმაურმა შეგვაშინა. ვიფიქრეთ რომ ეს ზვავი იყო. დავბრუნდით უკან და ხეობას აღმოსავლეთის მხრიდან გავუდექით. რაც უფრო გამოდიოდა მზე, მით უფრო რბილი ხდებოდა თოვლი. თოვლი ისე ბზინავდა მზის შუქზე, რომ დაბრმავების შემეშინდა. ჩავიარეთ კიდევ ერთი დაღმართი და მდინარე ხერცისკის მივადექით. თოვლი თანდათან კლებულობდა და ბოლოს მცენარეულობაც გამოჩნდა. ცოტა მოცილებით მოჩანდა ლამაზი ყვავილები, რომელთა სურნელი შორსაც კი იყო იგრძნობოდა. მდინარის მარჯვენა მხარეს წყაროა, რომელსაც ძალიან აქებენ. იგი ძლიერი მინერალური წყალია და მომჟავო გემო აქვს. ამავე ხეობის გასწვრივ ჩვენ გადავკვეთეთ კიდევ ერთი მდინარე - ბაგათი, რომელიც ხერცისკის შესართავთან წარმოქმნის ფართო და ქვიან ღელეს. რამდენიმე ვერსის მოშორებით კიდევ უფრო დიდი მდინარეა - დომბრო(დომბურულა), რომელზეც ხელში აყვანილი გადამატარეს.  ამ ადგილიდან თოვლი მხოლოდ მაღალ მთებში მოჩანს, მცენარეულობა უფრო ხშირია, გვხვდება გიგანტური ნაძვიც. შეგვხვდა კიდევ ერთი მდინარე, რომელსაც გამყოლები ბუგაქშინს ეძახდნენ. უწოდებენ თუ არა ქართველებიც ასე, არ ვიცი. აქედან ლამაზად მოჩანს კორომით გარშემორტყმული ქვით ნაგები ეკლესია. როგორც ამბობენ, თამარ მეფის დროინდელი. აქედან ქვემოთ მწვანე ველი იშლება, სადაც გამყოლთა თქმით მდებარეობდა სოფელი ღები.  აქვეა ჩვეშოც. წინ კიდევ ერთი პატარა მდინარეა - გადიათა, რომელიც ერთვის მთავარ მდინარეს - ჩვეშურს. ჩვეშურში ჩაედინება კიდევ ერთი მდინარე ხარგული (ხვარგული), რომელზეც ხიდია გადებული. ამ მდინარის ორივე მხარეს ხშირი ტყე და ლამაზი ყვავილებია. წინ, მაღალი და თოვლიანი ქედის ფონზე ხედი სოფელ ღებზე იშლება. იქ მოსახვედრად მდ. ჩვეშურის სამჯერ გადაკვეთაა საჭირო, რომელიც რიონს ერთვის.

   სოფლის იერს კიდევ უფრო ლამაზს ხდის მაღალი და თეთრი სახლები და კოშკები. აქ 120 კომლი კაცი ცხოვრობს, რომლებიც საკმაოდ შეძლებულნი არიან, ყავთ ბევრი ცხვარი, ამზადებენ ტყავს, რომელსაც სოფელ ონში ყიდიან. გამყოლთა თქმით, მხოლოდ  ღებსა და ჭიორაში ხარშავენ ლუდს, მაშინ როცა დანარჩენ რაჭაში ღვინოს სვამენ. სახლები აქ ძალიან მაღალია, რომელზეც კიბეების მეშვეობით ადიან. სოფელში მისვლისთვის ყველა მამაკაცსა და ბავშვს თავი ჩემი სახლის წინ მოეყარათ. მე მოურავს წერილი გავუგზავნე. მალე, იგი თვითონ მოვიდა და დამათვალიერებინა სახლი. შენობა მაღალი, ფართო და თითქმის ცარიელი იყო. მხოლოდ დაბალი სკამები იდგა კედლების გასწვრივ. სახლის შუაგულში დაანთეს ცეცხლი, რომელიც მთელი საღამო ენთო. მოურავისთვის მოიტანეს ძალიან დაბალი სკამი, რომელზეც იგი ჩამოჯდა, მაგრამ საუბარი ვერ შედგა, რადგან ჩემი ქართულის ცოდნის დონე დაბალი იყო, ხოლო მისი რუსული - ჩემს ქართულზე უარესი.”